კლოდ ოგიუსტის კომენტარი
არსებობს ერთი სცენა ინსტაგრამზე, ფეისბუკზე და ტიკ-ტოკზეც კი. იქ „ღვინოზე საუბრობენ“ (წერენ), თუმცა ეს საუბარი და წერა იშვიათად არის მხოლოდ ცნობისმოყვარეობასა თუ აღმოჩენასთან დაკავშირებული. მნიშვნელობა აქვს ეტიკეტს. რაც უფრო ცნობილია ბოთლი, მით უფრო დიდია ყურადღება. 2008 წლის Petrus? 145.638 მოწონება. ღრმა სარდაფიდან ამოღებული Montrachet — საყოველთაო აღტაცება. Klaus-Peter Keller-ის ღვინოსთან გადაღებული სელფი? ციფრული კანონიზაცია. ცუდი ვაიბები არა; დოფამინი მოწონებების მეშვეობით.
ეს უმნიშვნელოდ ჟღერს — მაგრამ ასე არ არის. რადგან პრესტიჟის მოწონებების ეს ლოგიკა მთლიანად ღვინის საზოგადოებრივი დისკურსის შევიწროებას იწვევს. ახალგაზრდა ღვინის მოყვარულები ამ პოსტებს ხედავენ და რა აღწევს მათამდე? რომ ღვინო ბუმერების თაობის სტატუსის ობიექტად რჩება — ეტიკეტებისა და ფასების სამყარო, არა გემოსა და აღმოჩენების.
შედეგი: გაუცხოება. „ძველი“ ღვინის სისტემა, რომელიც ციფრულ სივრცეში გრძელდება, დღევანდელ ცნობისმოყვარე ადამიანებს უკარგავს ინტერესს.
ეს მკაფიოდ უნდა ითქვას: ღვინის მცოდნეების სოციალური მედიის არცთუ პატარა ბუშტი (მხოლოდ გერმანიიდან გამომდინარე მსჯელობა არ შეიძლება) სინამდვილეში, ძირითადად, საკუთარ თავს ესაუბრება. ის საკუთარ მიღწევებს ზეიმობს, საკუთარ ტროფეებს კურირებს. ციფრული სანადირო კლუბი. მხოლოდ ის განსხვავებაა, რომ ცხოველები ბოთლებია, ტროფეები კი მოწონებებით ითვლება.
ამასობაში სომელიეები ყოველდღიურობაში მარცხდებიან, როცა სტუმრებისთვის ახალი ღვინოების შეთავაზებას ცდილობენ. რამდენჯერ უთქვამთ, რომ მათი მცდელობა, სტუმრებისთვის ფრანკონიული Silvaner, სლოვენიური კარსტული ღვინო ან სიცილიური Catarratto გაეცნოთ, სტუმრების უგულებელყოფას ეჯახება — სტუმრებისას, რომლებმაც ინსტაგრამისგან ისწავლეს, რომ მხოლოდ Keller, Coche-Dury ან DRC არის „ნამდვილი ღვინო“; მაშინაც კი, როცა მათ შეძენას იშვიათად თუ ვინმე შეძლებს. ამგვარად, ქსელი ძირს უთხრის იმ მრავალფეროვნებას, რომლის ჩვენებაც მას რეალურად შეეძლო.
თუმცა ჩვენ ეს უკეთ ვიცით. ღვინო ყოველთვის უფრო დიდი, ფართო და დემოკრატიული იყო, ვიდრე ის ბოთლები და ეტიკეტები, რომლებიც ახლა სოციალური მედიის თამაშში დომინირებენ. ვისაც დღეს ახალგაზრდობა აქვს, ბუმერული პრესტიჟისადმი მიძღვნა არ სურს. ახალგაზრდები სვამენ იმისთვის, რომ განიცადონ და არა იმისთვის, რომ საკუთარი თავი წარმოაჩინონ. მათ სურთ ნატურალური ღვინოების გასინჯვა, უცნობი რეგიონების აღმოჩენა, ექსპერიმენტები. მათთვის იურიდან ჩამოსხმული უცნაური ნატურალური ღვინის გაცნობა უფრო საინტერესოა, ვიდრე Montrachet-ის, რომლის სურათიც უკვე ათასჯერ აქვთ ნანახი.
და დრამატული ის არის რომ სოციალური მედია ამ შეხვედრას ხელს უშლის.
ჩვენ ბევრს ვსაუბრობთ იმაზე, რომ სოციალური მედია კვდება. რომ ის სიცოცხლისუნარიანობას კარგავს და ალგორითმები ახრჩობს. ღვინოში სიკვდილის ეს პროცესი განსაკუთრებით მკვეთრად ჩანს. იმის ნაცვლად, რომ ახალი ჰორიზონტები გავხსნათ, მათ ვავიწროებთ. იმის ნაცვლად, რომ ახალგაზრდები აღვაფრთოვანოთ, ვაფრთხობთ.
ეს პარადოქსია: ღვინის სამყარო არასდროს ყოფილა ასეთი მრავალფეროვანი, გლობალური და საინტერესო. არასდროს ყოფილა ამდენი პატარა, თავდადებული მეღვინე, რომლებიც სიახლეების შექმნას ბედავენ. არასდროს ყოფილა ამდენი ბარი და რესტორანი, რომლებიც ექსპერიმენტებს ატარებენ. და არასდროს ყოფილა ციფრული ასახვა ასეთი ვიწრო, უღიმღამო და მოსაწყენი.
პატიოსნად უნდა ვკითხოთ საკუთარ თავს: ვის არგებს ეს თამაში? დიდ შატოებს, პრესტიჟულ მეღვინეებს, ბოთლებს, რომლებიც ისედაც დიდი ხანია გადაჭარბებულად ძვირია და თითქმის მიუწვდომელი. და სწორედ ეს ანადგურებს იმას, რაც ღვინოს ყოველთვის გამოარჩევდა: შესაძლებლობას, რომ ყოველი ბოთლი თავგადასავალი იყოს.
ვინც მხოლოდ მოწონებებს ითვლის ცნობილ ეტიკეტებზე, ღვინის კულტურას კი არ ავითარებს, არამედ ღვინის სნობობას.
და დიახ: ამას საშიშად მივიჩნევ. არა იმიტომ, რომ საქმე პრესტიჟს ეხება — არამედ იმიტომ, რომ ის მთელ თაობას კარგავს. ახალგაზრდა ადამიანები, რომლებსაც შესაძლოა ღვინის სიღრმისეულად შესწავლის სურვილი ჰქონდეთ, ამ სურვილს კარგავენ, როცა ხედავენ, რამდენად ძველმოდურად, თვითკმაყოფილად და ბუმერულად მუშაობს ეს სფერო.
ღვინო ინსტაგრამი არ არის. ღვინო პრესტიჟი არ არის. ღვინო სუფრასთან საუბარია, ჭიქაში მოულოდნელობაა, ის მომენტია, როცა რაღაც ახალი ხდება.
ახლა ამოცანა ჩვენზეა — სომელიეებზე, ჟურნალისტებზე და ყველაზე, ვინც ღვინოს სერიოზულად ეკიდება: ამ შევიწროების წინააღმდეგ წერით, საუბრითა და დალევით უნდა ვიმოქმედოთ. უნდა ვაჩვენოთ, რომ Keller-ზე, Lafite-სა და Montrachet-ზე მეტი არსებობს. რომ ღვინის ნამდვილი სიმდიდრე პრესტიჟში კი არა, მრავალფეროვნებაშია.
სოციალური მედია კვდება — და ის კვდება, რადგან საკუთარ თავს თვითონვე ანადგურებს. განსაკუთრებით ხელოვნური ინტელექტის გამო. თუ ღვინის სამყარო ამას ჩაეჭიდება, ისიც მასთან ერთად მოკვდება.
და ეს ყველაზე დიდი ღალატი იქნებოდა იმ კულტურისა, რომელიც უკვე 8.000 წელია სხვა არაფრით, თუ არა მრავალფეროვნებით, ცნობისმოყვარეობითა და სიმამაცით ცხოვრობს.
